#კულტურა

გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

გაზიარება:

გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი ნიუ იორკის Sotheby’s აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა და თანამედროვე ხელოვნების ბაზრის ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. გუსტავ კლიმტის ეს ნამუშევარი მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოებს შორის მეორე პოზიციას იაკვებს.

პორტრეტი 1914 და 1916 წლებში შეიქმნა, როდესაც კლიმტი თავისი გვიანი პერიოდის ვიზუალურად ყველაზე დახვეწილ ნამუშევრებს ქმნიდა. ელიზაბეთ ლედერერი გამოსახულია აღმოსავლური მოტივებით შთაგონებულ ხალათში, ხოლო მის უკან ფონი აერთიანებს ვენის მხატვრობისთვის დამხასიათებელ ფიგურებს, ნიშნებსა და დეკორატიულ ელემენტებს. 

a gustav klimt portrait of elisabeth lederer

პორტრეტის წარმომავლობა მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. ნამუშევარი ლედერერების ოჯახის შეკვეთით შეიქმნა და მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს გადაურჩა, როდესაც ოჯახის კოლექციის დიდი ნაწილი გადადგურდა. ნახატს რთული და საინტერესო ისტორია ახლავს. ელიზაბეთ ლედერერი ებრაული წარმოშობის ოჯახში დაიბადა და ნაცისტური რეჟიმის დროს ვენაში ცხოვრობდა. არსებული წყაროების მიხედვით, რეჟიმს მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ გუსტავ კლიმტს თავის ბიოლოგიურ მამად აცხადებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებას დამაჯერებელი დოკუმენტური საფუძველი არ აქვს, ეს ეპიზოდი ნათლად ასახავს იმ რთულ წარსულს, რომელთანაც პორტრეტი არის დაკავშირებული.

ომის შემდეგ ნამუშევარი ლეონარდ ე. ლაუდერის კოლექციაში მოხვდა. ლაუდერი Estée Lauder–ის მემკვიდრე და კომპანიის მრავალწლიანი ხელმძღვანელი იყო. მისი ხელოვნების მრჩეველი, ემილი ბრაუნი, აღნიშნავდა, რომ ნახატი ლაუდერის  კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი თქმით, ლეონარდი სახლში ყოფნისას სადილს მუდამ იმ პატარა მრგვალ მაგიდასთან მიირთმევდა, რომელიც ნამუშევრის გვერდით იდგა. 

a gustav klimt portrait of elisabeth lederer sothebys

აუქციონზე გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტის გამოჩენამ განსაკუთრებული აურზაური გამოიწვია. ფასმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა საწყის შეფასებას და ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი მასშტაბის ნამუშევრები ერთდროულად არის ხელოვნების ნიმუში და მაღალი კლასის კულტურული აქტივი.

ზევით