პოპ-კულტურაში გავრცელებული ხუმრობის თანახმად, დუა ლიპა მუდმივად შვებულებაშია. მისი ინსტაგრამის გამომწერები დაგვეთანხმებიან, რომ ეს ხუმრობა რეალობასთან ნამდვილად ახლოსაა, რადგან მომღერალი საუკეთესოდ ატარებს ზაფხულს და ამის ამსახველ ფოტოებსაც ხშირად გვიზიარებს.
პოპ ვარსკვლავი ინსტაგრამის Photo Dump-ის ოსტატია და გვანებივრებს დასვენების დროს გადაღებული ფოტოებით, სადაც მუდამ გამორჩეული ლუქებით ჩნდება. დუა არა მხოლოდ მუსიკალურ ტრენდებს, არამედ ზაფხულის მოდის ტენდენციებსაც განსაზღვრავს.
განსაკუთრებულ ყურადღებას კი, მისი საცურაო კოსტიუმების კოლექცია იმსახურებს და მოდით დღეს, დუას რამდენიმე საზღვაო ლუქს გადავხედოთ.

კოპლები
წლევანდელი ზაფხულის მთავარი ტრენდი რომ კოპლებიანი სამოსია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს კლასიკური პატერნი დუა ლიპას საცურაო კოსტიუმების კოლექციის განუყოფელი ნაწილიც გახლავთ. მომღერალს სულ მცირე ოთხი განსხვავებული სტილის კოპლებიანი კოსტიუმი აქვს. დუამ გაგვიზიარა ფოტოები კლასიკური ბიკინით, რომელიც შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.

ასევე, ის გამოჩნდა Y2K სტილის ბიკინით, რომელიც მეტალის დეტალებითაა გაფორმებული. და ბოლოს, მომღერალი Cottage Core ესთეტიკაში გახვეულიც ვიხილეთ – შავ-თეთრ, მაქმანებიან ბიკინიში გამოწყობილი.

 |
ბიკინი შავ-თეთრი კოპლებით
ყიდვა
|
ორმაგი ბიკინი
დუა იბიციდან დასვენების კადრებსაც გვიზიარებს. დუას იბიცის ლუქის ნაწილია Oséree Swimwear-ის ორმაგი ბიკინი, რომლის ერთი ფენა იასამნისფერია, მეორე კი ცისფერი. ამ ლუქს დუამ Chanel-ის მასიური სამაჯურები, ოქროსფერი ბეჭდები და მრგვალი საყურეები შეუხამა.

ფერადი პატერნი
დუას საცურაო კოსტიუმების კოლექციაში ფერადი და ყვავილებიანი პატერნის მოდელებიც იყრის თავს. მომღერალი იდეალურად გამოიყურება Feline-ის ყვავილებიან ბიკინიში. ეს მოდელი ზაფხულისთვის ზედგამოჭრილია და საზაფხულო გარდერობში მხიარული და მზიანი ელფერი შემოაქვს.

გარდა ამისა, დუა ხშირად ჩნდება რეტროს სტილის დახვეწილი ესთეტიკის მქონე მოდელებში, იქნება ეს ტანზე მომდგარი ყვავილებიანი ბიკინი თუ ნაქსოვი, ჰიპური სტილის საცურაო კოსტიუმი.
