#მოგზაურობა

ევროპის ყველაზე მოდური სანაპირო კლუბები

გაზიარება:

მოდის სახლები ზაფხულობით ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე სანაპირო კლუბებს, სასტუმროების აუზებსა და ზღვისპირა ტერასებს დროებით საკუთარ სივრცეებად აქცევენ. 2026 წლის ზაფხულში Jacquemus მონაკოში დაბრუნდა, Dolce & Gabbana ტაორმინაშია, Dior კაპრიზე, Missoni იბიცაზე, Burberry კი ანტიბის ისტორიულ სანაპიროზე.

Jacquemus x Monte-Carlo Beach Club

Monte-Carlo Beach Club-სა და Jacquemus-ს შორის თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო. თუ გასულ ზაფხულს სივრცის მთავარი ფერი ყვითელი იყო, 2026 წელს სიმონ პორტ ჟაკმუსმა კლუბის ვიზუალური კონცეფცია შეცვალა და შთაგონებისთვის 1950-იანი წლების რივიერის პლაჟის კლუბების ესთეტიკა აირჩია.

Jacquemus x Monte-Carlo Beach Club

ქოლგები, პირსახოცები და სხვა აქსესუარები ამ სეზონზე მენთოლისფერის, რძისფერისა და შავის კომბინაციითაა გაფორმებული. ტერიტორიაზე ბრენდის ორი სეზონური ბუტიკიც მუშაობს, სადაც სპეციალურად ამ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ნივთებია წარმოდგენილი. Jacquemus-ის ინსტალაცია 27 სექტემბრამდე დარჩება.

Dior x il Riccio

Dior’s Dioriviera at Il Riccio, Capri

კაპრიზე Dioriviera კვლავ il Riccio-ში დაბრუნდა. Jumeirah Capri Palace-ის ზღვისპირა რესტორანი ანაკაპრიში, Grotta Azzurra-ს მახლობლად კლდეზე მდებარეობს და კაპრისთვის დამახასიათებელი თეთრი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. 2026 წლის სეზონზე Dior-მა აქ Dioriviera-ს საზაფხულო სივრცე და დროებითი ბუტიკი გახსნა.

Dior’s Dioriviera at Il Riccio, Capri Dior’s Dioriviera at Il Riccio, Capri

ბუტიკში წარმოდგენილია მზა ტანსაცმელი, ჩანთები, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ხოლო Dior-ის დიზაინი რესტორნის ღია ტერასასა და დასასვენებელ სივრცეებშიც ჩნდება. თავად il Riccio ხმელთაშუაზღვისპირულ სამზარეულოზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ზღვის პროდუქტებზე.

Dolce & Gabbana x San Domenico Palace

სიცილია Dolce & Gabbana-ს იდენტობის ნაწილია და ათწლეულებია მუდმივად ჩნდება ბრენდის კოლექციებში, კამპანიებსა და ვიზუალურ ენაში. ამ კავშირის გაგრძელებაა ტაორმინაში San Domenico Palace-სთან თანამშრომლობაც.

Dolce & Gabbana x San Domenico Palace 2026

Four Seasons-ის სასტუმრო XV საუკუნის დომინიკელთა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს და იონიის ზღვასა და ეტნას გადაჰყურებს. 2026 წლის სეზონზე Dolce & Gabbana-მ სივრცე პალმის ფოთლების პრინტით გააფორმა და სასტუმროში დროებითი ბუტიკიც გახსნა. ბრენდისთვის ტაორმინა წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რადგან ქალაქი 2026 წელს Alta Moda, Alta Sartoria და Alta Gioielleria ღონისძიებებსაც მასპინძლობს.

Giorgio Armani x Roberto Forte dei Marmi

ტოსკანის სანაპიროზე, Forte dei Marmi-ში, Giorgio Armani სრულიად განსხვავებულ ზაფხულის ესთეტიკას ქმნის. 2026 წლის სეზონზე ბრენდი Bagni Roberto-ს სანაპირო კლუბში დაბრუნდა და სივრცე მისთვის დამახასიათებელი ლურჯისა და თეთრის კომბინაციით გააფორმა.

Giorgio Armani x Roberto Forte dei Marmi toscana 2026 Giorgio Armani x Roberto Forte dei Marmi toscana 2026

Armani-ს დიზაინი ქოლგებზე, შეზლონგებზე, დასასვენებელ სივრცეებსა და სხვა დეტალებზე გვხვდება. აქვე მუშაობს სეზონური ბუტიკიც, სადაც ბრენდის საზაფხულო კოლექციაა წარმოდგენილი. 

Roberto Cavalli x Annex Beach

კანში Roberto Cavalli და Annex Beach თანამშრომლობას უკვე მესამე სეზონია აგრძელებენ. 2026 წელს კრუაზეტზე, Hôtel Carlton-ის მოპირდაპირედ მდებარე სანაპირო ბრენდის Ray of Paradise და Jaguar Roses პრინტებით გაფორმდა. Cavalli-სთვის დამახასიათებელი ცხოველური პრინტები ქოლგებზე, შეზლონგებზე, ტექსტილსა და რესტორნის ინტერიერშიც გვხვდება.

Roberto Cavalli x Annex Beach Roberto Cavalli x Annex Beach

Annex Beach-ის ინტერიერის დიზაინი ჟაკ გარსიას ეკუთვნის, ხოლო 2026 წლის მენიუზე ორი Michelin ვარსკვლავის მფლობელი იტალიელი შეფი ჯენარო ესპოზიტო მუშაობს. სტუმრებს სანაპიროზე დღის განმავლობაში დასვენება და სადილი შეუძლიათ, საღამოს კი სივრცე უფრო გასართობ ფორმატში გადადის, მუსიკითა და შოუებით.

Missoni x OKU Ibiza

იბიცაზე Missoni-მ OKU Ibiza-ს 50-მეტრიანი აუზის გარშემო Resort Club მოაწყო და სივრცე ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინით გააფორმა. თანამშრომლობა უკვე მეორე ზაფხულია გრძელდება, ხოლო 2026 წლის სეზონზე დეკორში ლურჯი, ფირუზისფერი და ზურმუხტისფერი ტონები ჭარბობს.

Missoni OKU Ibiza

Missoni-ს ცნობილი ზოლები და გრაფიკული პრინტები შეზლონგებზე, პირსახოცებსა და აუზის გარშემო განთავსებულ ავეჯზე გვხვდება. OKU Ibiza კუნძულის დასავლეთ ნაწილში, Cala Gració-სთან მდებარეობს, ხოლო 50-მეტრიანი აუზი სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი სივრცეა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში იბიცაზე Missoni-ს პირველი ბუტიკიც გაიხსნა.

Gucci x La Rose des Vents

2026 წლის ზაფხულში Gucci-მ მონაკოს La Rose des Vents-ის სანაპირო სივრცე Flora-ს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად გააფორმა. არჩევანი შემთხვევითი არ არის: Flora-ს ცნობილი ყვავილოვანი ორნამენტი 1966 წელს მხატვარმა ვიტორიო აკორნერომ როდოლფო გუჩის დაკვეთით, სპეციალურად მონაკოს პრინცესა გრეისისთვის შექმნა.

Gucci x La Rose des Vents Gucci x La Rose des Vents

სამოცი წლის შემდეგ Flora მონაკოში დაბრუნდა და ამჯერად La Rose des Vents-ის სანაპირო გააფორმა. ყვავილოვანი ორნამენტი ქოლგებზე, შეზლონგებზე, ტექსტილსა და დეკორის სხვადასხვა დეტალზე მეორდება. La Rose des Vents-ში რესტორანი და კაფეც მუშაობს, ამიტომ სტუმრებს აქ მთელი დღის გატარება შეუძლიათ.

Burberry x Hôtel Belles Rives

თუ ამ ზაფხულს ანტიბში Hôtel Belles Rives-ს ეწვევით, მის კერძო სანაპიროზე Burberry-სთვის დამახასიათებელი უჯრედოვანი პრინტი დაგხვდებათ, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ლურჯ ტონებში შეიქმნა. პრინტი ქოლგებზე, შეზლონგებზე, ტერასებსა და სასტუმროს 1920-იანი წლების ორიგინალურ ლიფტზეც გვხვდება. სტუმრებისთვის ასევე შეიქმნა Burberry-ს დიზაინით გაფორმებული წყლის თხილამურები და ნაყინი.

Burberry x Hôtel Belles Rives Burberry x Hôtel Belles Rives

Hôtel Belles Rives-ს საინტერესო ლიტერატურული ისტორიაც აქვს. 1920-იან წლებში აქ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და ზელდა ფიცჯერალდი ცხოვრობდნენ. სწორედ აქ დაიწყო ფიცჯერალდმა რომანზე „Tender Is the Night“ მუშაობა, რომლის მთავარ გმირსაც Burberry-ს პალტო აცვია. სასტუმრო დღემდე ინარჩუნებს არტ-დეკოს სტილს, ხოლო Burberry-ს სეზონური გაფორმება 30 სექტემბრამდე დარჩება.

ზევით