#საზოგადოება

ნატალია ყიფშიძე და ბიჭი ბაბუ - სამშობლო საქართველოს ღირსეული მოქალაქეები

გაზიარება:

თითქმის ორი ათწლეულია სოციალური ქსელი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ინტერნეტი ინფორმაციის მიმოცვლას, ახალი ურთიერთობების დამყარებას, თუ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რამდენად ხშირია, სოციალური ქსელების ჩაგვრისა და ბულინგის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა.

რეალობის ეს მხარე ნატალია ყიფშიძის ემოციურმა სიტყვებმა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა.

"ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ, მრავალი საუკუნის წინ. მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან."

ნატალია ეროვნებით ქართველი და სომეხია. ის თავის პოსტში ბაბუაზე, არკადიზე საუბრობს, რომელიც ნატალიას იდენტობის ჩამოყალიბებასა და მის თავისუფალ ადამიანად აღზრდაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ეთნიკური უმცირესობების მიმართ სოციალურ ქსელსა თუ რეალურ ცხოვრებაში აგრესია, სამწუხაროდ ახალ მოვლენას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, ეთნიკურად სომეხი ადამიანები საქართველოს სავაჭრო განვითარებასა, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, დღემდეა შემორჩენილი მათ მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ დღემდე განხილვის საგანია ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, გვარს, ეროვნებას, სარწმუნოებას. სხვის მიმართ პატივისცემა ღირსეული მოქალაქეობითა და საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლით უნდა განისაზღვრებოდეს.

ნატალიას სიტყვებში გულწრფელი ემოცია ჩანს. ის ამაყია, რომ თავისი ბაბუის შვილიშვილია, რადგან მან ნატალიას სახით, სწორი იდეალებით, ქართული და სომხური კულტურისა და ეროვნების სიყვარულით, დღეს პოლიტიკურად აქტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი და საინტერესო ადამიანი აღზარდა. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოვალეობაა.

ამას ჯერ კიდევ შოთა რუსთაველი, თუ ილია ჭავჭავაძე გვასწავლიდნენ. “ვეფხისტყაოსანი” “უცხო მოყმის” მიღებასა და შეყვარების სილამაზეზეა. ის “სხვაში” საკუთარის აღმოჩენისკენ ბიძგია. ილიასთვის კი ერის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა მოძრაობასა და სიახლის მიღებაშია. ის “მამულს” ეძახის იმ ადამიანების ერთობას, რომელთაც შესაძლოა საერთო სისხლი არ აკავშირებდეთ, სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, ან სხვადასხვა სარწმუნოებას იზიარებდნენ, თუმცა ისინი საერთო მიწაზე სახლობენ, საერთო ქვეყნის მომავალი ადარდებთ და მისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში ერთიანდებიან.

ნატალიას სიტყვები კი ფართო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეროვნების დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანების ნაწილს, ჯერ კიდევ არ აქვს ღირებულებები და პრიორიტეტები განსაზღვრული. ჩვენ კი ამგვარი ფაქტები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დავტოვოთ.  

ზევით