ელეგანტური სილუეტი, პატარა შავი კაბა, ხელში სიგარეტი, თვალებში კი იდუმალება, რას უნდა ველოდოთ ასეთი ქალისგან? შესაძლებელია ის მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი იყოს?
2021 წლის კანის კინოფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის, რენატე რეინსვეს გმირი, 30 წლის ჯული, საკუთარ მომავალზე ფიქრში გამუდმებით იკარგება. ლამაზი, ინტელექტუალი, შრომისმოყვარე გოგო მთელი არსებით ცდილობს მსოფლიოში საკუთარი ადგილი იპოვოს, გაერკვეს რა არის მისი ცხოვრებისეული მოწოდება და როგორ ადამიანთან ერთად სურს ცხოვრება, თუმცა როგორც მისი შეყვარებული აქსელი აღნიშნავს, ჯული რაღაცას ელოდება, მაგრამ თავადაც არ იცის რას.
იოჰამ ტრიერის ნორვეგიული სურათის გარშემო კინოკრიტიკოსთა მოსაზრებები ორად გაიყო, თუ ერთი მათგანი ფილმს არაფრისმომცემს და ბანალურს უწოდებს, მეორე ნაწილის მოსაზრებით „ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო კინოპროდუქტია, რომელიც მაყურებლისთვის ნამდვილ საჩუქრადაც კი იქცა.
იოჰამ ტრიერის რეჟისორული თხრობა თავისუფალია, პერსონაჟების სიღრმისეული კვლევის პარალელურად მუდმივად იცვლება ფილმის ჟანრობრიობაც, ჩვენ წინაშე ხან კომედია, ხან დრამა, ხანაც კი მელოდრამა იშლება.
ნორვეგიული სურათი ახალგაზრდული სულისკვეთებით გამოირჩევა, მეამბოხე ბუნებით და ცოტაოდენი სიმსუბუქითაც, თუმცა ფილმის მთავარი გმირები თინეიჯერები აღარ არიან. „ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ დელიკატურად აღწერს თანამედროვე ნორვეგიელი ქალისა და მამაკაცის ცხოვრების რთულ მდგომარეობას, რომელიც მოწესრიგებული ოსლოს ქუჩებში ზედმეტად კონტრასტულად ვითარდება.
რას ელოდება ცხოვრებაში რომელიმე ჩვენგანი? იოჰამ ტრიერის მელოდრამა პერსონაჟების სიღრმისეული შესწავლით გამოირჩევა და ამ მოლოდინსაც თავისუფალი თხრობის მანერით გვიყვება. ჯული, რომლის გარშემოც მთელი სიუჟეტი ვითარდება, ინტერესებისა და ცრურწმენების მორევშია ჩაკარგული. კარიერული მისწრაფებებისა და შვილების ყოლის ორაზროვანი სურვილი მთავარ პერსონაჟს საშუალებას არ აძლევს ცხოვრების ერთ ასპექტზე ორიენტირდეს და მომავლისკენ დამაჯერებელი ნაბიჯები გადადგას.
„ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ორ მთავარ ნომინაციაში - წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და წლის საუკეთესო სცენარის კატეგორიაში იბრძოლებს, არის თუ არა ჯული მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კი მხოლოდ ნორვეგიული სურათის ნახვის შემდეგ შეძლებთ.
2025 წლის კანის კინოფესტივალზე, როგორც ყოველთვის, თავი მოიყარა მსოფლიოს ყველაზე გაბედულმა, პოლიტიკური თემებით დატვირთულმა და ვიზუალურად გამორჩეულმა კინოსურათებმა. გაეცანით მთავარი კონკურსის მონაწილე რეჟისორებსა და მათ ფილმებს.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
2025 წელი კინომოყვარულებისთვის სავსეა საინტერესო პრემიერებით. The Diary გთავაზობთ იმ კინოსურათების სიას, რომელთა დიდ ეკრანებზე გამოჩენაც 2025 წლის დარჩენილ თვეებშია დაგეგმილი.