#მოდა

JACQUEMUS-ის საიუბილეო ჩვენება და მაღაზიის გახსნა კაპრიზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

2024 წლის გაზაფხულზე სამხრეთ საფრანგეთში, Fondation Maeght-ის ხელოვნების მუზეუმში გამართული ჩვენების შემდეგ, სიმო პორტ ჟაკმუსმა კოლექციის წარსადგენად კიდევ ერთი საკულტო ლოკაცია შეარჩია. ფრანგი დიზაინერი, რომელიც მზიანი ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკაზეა შეყვარებული, 15 წლის საიუბილეო ჩვენებას კაპრიზე, Casa Malaparte-ში გამართავს, ერთი კვირით ადრე კი იტალიის კუნძულზე ახალი მაღაზიაც გახსნა. ჟაკმუსმა არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი მოდის, გასაოცარი არქიტექტურისა და ბუნების სინთეზით, გამონაკლისი კი არც აღნიშნული მაღაზია და 10 ივნისს გამართული ჩვენება იქნება.  

როგორც ცნობილია, Casa Malaparte სპეციალურად Jacquemus-ის ჩვენებისთვის გაიხსნება და ისტორიაში პირველად უმასპინძლებს მოდის სახლის კოლექციის წარდგენას.

jacquemus 15th anniversary, casa malaparte, jacquemus fashion show, ჟაკმუსი, მალაპარტეს ვილა

კლდეზე აღმართული ნაგებობა ტირენიის ზღვის ულამაზესი ხედებით, დრამატული არქიტექტურითა და უნიკალური მდებარეობით ჟაკმუსის დღესასწაულისთვის შესანიშნავ ფონს  წარმოადგენს. 1930-იანი წლების ბოლოს კურციო მალაპარტესთვის აშენებული სახლი მოდერნისტული არქიტექტურის შედევრია, რომელიც კაპრის პეიზაჟთან შერწყმით გასაოცარ სურათს გვიხატავს. მისი მკვეთრი, გეომეტრიული ხაზები და ტერაკოტის ფერი თვალისმომჭრელ კონტრასტს ქმნის მის გარშემო არსებულ ბუნებრივ სილამაზესთან. ეს ყველაფერი კი  Casa Malaparte-ს იდეალურ სცენად აქცევს Simon Porte Jacquemus-ის უახლესი შემოქმედებისთვის.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by JACQUEMUS (@jacquemus)

ვილა მალაპარტემ არქიტექტურის მშვენიერებითა თუ თვალწარმტაცი ხედებით არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო. ნაგებობა რამდენიმე ფილმში იჩენს თავს, მათ შორის, ყველაზე მეტად ჟან ლუკ გოდარის ფილმი “Le Mepris” არის ცნობილი. ბრიჯიტ ბარდოსა და მიშელ პიკოლისთან ერთად კურციო მალაპარტეს სახლი ფილმის პერსონაჟად გვევლინება. საინტერესო ფაქტია, რომ იგი ჟაკმუსისთვის განსაკუთრებულ დატვირთვასაც ატარებს. როგორც დიზაინერმა ინსტაგრამ პოსტით გაგვანდო, მან სწორედ ამ ფრანგული ახალი ტალღის ფილმის ყურების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის შექმნა. ფრანგულ მოდის სახლს 15 წელი სწორედ იქ უსრულდება, სადაც მისი ისტორია თავდაპირველად დაიწყო.

casa malaparte, le mepris, jean luc goddard, capri, jacquemus
Casa Malaparte ფილმში "Le Mépris"
field of lavender, jacquemus fashion show, jacquemus 10th anniversary
Jacquemus-ის 10 წლის საიუბილეო ჩვენება ლავანდის ველზე

მიუხედავად იმისა, რომ კოლექციის შესახებ დეტალები საიდუმლოდ რჩება, ჩვენებაზე ჟაკმუსის მხიარული ფერების პალიტრასა და არატრადიციულ სილუეტებს უნდა ველოდოთ. ფრანგული ბრენდი მუდმივად სცილდება დაწესებულ ჩარჩოებს და თავიდან განსაზღვრავს თანამედროვე მოდას. ეს საიუბილეო კოლექცია რეტროსპექტიული იქნება და ბრენდის ევოლუციას დასაწყისიდან მიჰყვება. წარსულთან ერთად დიზაინერი კოლექციაში ბრენდის სამომავლო ხედვასაც წარმოაჩენს - Casa Malaparte-ს კედლებში ნათლად გამოჩნდება ჟაკმუსის როლი და გავლენა თანამედროვე მოდაზე. მოდის ბრენდის განვითარების გზა განსაკუთრებით საინტერესოა, იმის გამო, რომ ჟაკმუსი დღემდე დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას, რაც მოდის ინდუსტრიაში არც ისე ხშირია. შარშან ბრენდის გაყიდვებმა 200 მილიონს მიაღწიეს, ხოლო 2025-ისთვის ნახევარ მილიარდს ელოდებიან.

თუ კაპრის თვალწარმტაც პეიზაჟებსა და ჟაკმუსის მოდურ ტანსაცმელს გავითვალისწინებთ, შეუძლებელია Casa Malaparte-ს შოუ A-lister-ების დაუვიწყარ თავშეყრის ადგილად არ იქცეს.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by JACQUEMUS (@jacquemus)

სან-ტროპესა და ნიცას შემდეგ, Capri Boutique-ის გახსნაც არავის გვიკვირს, თანაც ბრენდის საიუბილეო წელს. მაღაზია ქვის კედლის ქვეშ ნეაპოლის ყურის გასწვრივ მდებარეობს. ჟაკმუსი კუნძულისა და ფირუზისფერი ზღვის სილამაზეს მაქსიმალურად იყენებს და სოციალურ ქსელში ბუნებაში გადაღებულ სხვადასხვა ვიდეოს გვიზიარებს. მათ შორის ტანსაცმლის მასას, რომელიც ტირენიის ზღვაზე მიცურავს, სერფინგის დაფაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ტანსაცმელს აუთოებს, ველოსიპედით მიმავალ კაცს, რომელსაც Jacquemus-ის ცნობილი პანამები ადგას თავზე. საინტერესო დეტალი კი მაღაზიის გახსნის ცერემონიალზე შეინიშნებოდა, სადაც ბრენდის გუნდის წევრები მაღაზიის გასწვრივ დიდი ზომის საკერავი ხელსაწყოებით მოძრაობდნენ. ხელებში კი დიდი ყვითელი ღილიდან დაწყებული, საზომი ლენტითა და მაკრატლით დამთავრებული, ყველაფერი ეკავათ, რაც ტანსაცმლის დიზაინების რეალობად ქცევაში ეხმარებათ.

ამიერიდან, ბრენდის ორიგინალური და ფერადი ტანსაცმლის შეძენა ტირენიის ზღვის კუნძულზეც შეგიძლიათ პეიზაჟებით ტკბობასთან ერთად.

ზევით